ტულკუ
pdf version
– შენ ღმერთი ხარ? – ჰკითხეს მათ ბუდას.
– არა, – უპასუხა მან.
– აბა, ანგელოზი?
– არა.
– წმინდანი?
– არა.
– მაშ, ვინ ხარ შენ?
– გამოღვიძებული, – უპასუხა ბუდამ.
ძოგჩენ რანაკ დზა პატრულ რინპოჩე ტულკუდ ბავშვობაში აღიარეს. ტულკუს ტიბეტში იმ ლამებს უწოდებენ, რომელთაც წინა ცხოვრებაში შეეძლოთ ნირვანაში გადასულიყვნენ, თუმცა, სხვა ცოცხალი არსებების მიმართ თანაგრძნობის და სიყვარულის გამო, მათ ადამიანად ხელახალი დაბადება საკუთარი ნებით აირჩიეს. "ყველა ხელახლა იბადება, ყველა რეინკარნაციაა, მაგრამ ტიბეტელი ბუდისტები აღმოაჩენენ ხოლმე ძალიან, ძალიან სპეციფიკურ რეინკარნაციებს. ამ გასხივოსნებულმა არსებებმა წინა ცხოვრებაში გონების ჭეშმარიტი ბუნების რეალიზება შეძლეს. ამ მომენტში შენ შეგიძლია შეწყვიტო ხელახალი დაბადება, შეწყვიტო რეინკარნაციის პროცესი ან შეგიძლია გააგრძელო ცოცხალი არსებების სწავლება და დახმარება. ასეთ განსაკუთრებულ რეინკარნაციებს ტიბეტელები ტულკუს ვეძახით. ვინც რეინკარნაციად მიაჩნიათ, იმ პიროვნებასთან მიაქვთ მისი წინა ცხოვრებიდან რაიმე ნივთები, მაგალითად – სათვალე, ჯამები და სხვა საგნების გვერდით აწყობენ. ტულკუმ საკუთარი უნდა ამოიცნოს. ის, რაც შენია, უნდა იცნო, ხომ ასეა?" – მშვიდად მეკითხება პატრულ რინპოჩე.
მეოთხე და დღევანდელი პატრულ რინპოჩე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტიბეტელი ლამის, პირველი პატრულ რინპოჩეს რეინკარნაციად არის აღიარებული. როდესაც ვეკითხები, ახსოვს თუ არა მას, როგორ მიაგნეს, ღიმილით მპასუხობს: "შენ ბევრი არაფერი იცი ამის შესახებ, არც სხვებმა, ხომ ასეა? ყველაფერი არც მე ვიცი, თუმცა ტყუილი იქნება, რომ ვთქვა, საერთოდ არაფერი მახსოვს და არაფერი ვიცი-მეთქი. ამიტომ, მოდი, საკითხი ასე დავსვათ: ვთქვათ, ვიმეორებ, ვთქვათ, მე ვარ პატრულ რინპოჩეს რეინკარნაცია. რა მევალება, რა არის ჩემი საქმე? რატომ მომძებნეს, რატომ ამომიცნეს, რატომ დამარქვეს მასწავლებელი? პატრულ რინპოჩე მთელ ტიბეტში უდიდესი ოსტატი იყო. მას ძალიან ბევრი მიმდევარი ჰყავდა, ბევრს უყვარდა და ისიც ყველას ეხმარებოდა; ასწავლიდა, როგორ გაყოლოდნენ ბუდას გზას და გამხდარიყვნენ თავისუფლები. ჩემი საქმეც მხოლოდ ეს არის – მისი მიმდევარი ვიყო, მისი სწავლება გავაგრძელო. პირველ პატრულ რინპოჩეს თავისი 500 წინა ცხოვრება ახსოვდა. როცა გონების სრულ რეალიზებას აღწევ, მაშინ ყოვლისმცოდნე ხდები. ასეთი იყო ბუდა. და ასეთი რეინკარნაციებიც, როგორც წესი, ბუდები არიან, გესმის?"
პირველი პატრულ რინპოჩე მე-19 საუკუნის ტიბეტში, ქამის პროვინციაში დაიბადა. ის ძოგჩენის სკოლის უდიდესი მასწავლებელი და ძალიან ექსცენტრიული ბერი იყო. როგორც წესი, ბუდისტი ბერები მირთმეულ ძღვენს მოწაფეებს და მათხოვრებს ურიგებდნენ, ან მონასტრებისა და ბიბლიოთეკების მშენებლობას ახმარდნენ. პატრულ რინპოჩე კი ყველაფერს ყრიდა. მან მთელი ცხოვრება როგორც უპოვარმა ისე გაატარა, გამოქვაბულიდან გამოქვაბულში ხეტიალში. ერთი ჩვევა ჰქონდა: ნებისმიერ საჩუქარს, რაგინდ ძვირფასიც უნდა ყოფილიყო, იქნებოდა ეს ფული, ოქრო თუ სხვა რამ, ის უბრალოდ ზურგს უკან მოისროდა ხოლმე. როდესაც კელია ძღვენით ივსებოდა და თავისუფალი სივრცე აღარ რჩებოდა, პატრულ რინპოჩე იქაურობას ტოვებდა და სხვა განმარტოებულ ადგილას გადადიოდა. ხალხი მიტოვებულ ძღვენს "ბებერი პატრულის საგანძურს ეძახდა". ბერის ავტორიტეტის გამო, განძის ხელის ხლებას თავიდან ვერავინ ბედავდა. თუმცა, დროთა განმავლობაში "ბებერი პატრულის საგანძურიც" გაიქურდა. როდესაც ეს ამბავი დიდი ჯამიანგ ქჰენცე ვანგპოს ყურამდე მივიდა, მან გაბრაზებულმა თქვა: "ამ შტერმა პატრულმა არ იცის, როგორ გამოიყენოს ძღვენი. იმის მაგივრად, რომ თავისი ღვაწლი ქველმოქმედებით გაამდიდროს, განძს ქურდებს უგდებს ხელში, ნამდვილი სულელია!" ამ ამბის შემდეგ პარტულ რინპოჩემ კიდევ უფრო ექსცენტრიული გადაწყვეტილება მიიღო. მირთმეული ძღვენი მან უზარმაზარი ქვის კედლის მშენებლობას დაახარჯა. თითოეულ ქვაზე ერთადერთი მანტრა იყო ამოტვიფრული – "ომ მანი პედმე ჰუმ".
პატრულ რინპოჩეს მეოთხე რეინკარნაციას მე თბილისში შევხვდი. რამდენიმე წელია, მას აქ მოსწავლეთა პატარა ჯგუფი ჰყავს, რომლებთანაც რამდენიმე დღით ჩამოსვლას წელიწადში ერთხელ მაინც ახერხებს.
– რინპოჩე, რატომ იფიქრეთ, რომ საქართველოში ჩამოსვლა კარგი იდეა იქნებოდა. როგორ მოხვდით აქ?
"არაფერი დამიგეგმია, შემთხვევით აღმოვჩნდი. თუმცა ჩემი გრძნობებიდან გამომდინარე, შეიძლება რაღაც კარმული კავშირი მქონდეს საქართველოსთან. როცა აქ ვარ, ყოველთვის ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს – როგორც საკუთარ სახლში, საკუთარ ოჯახში. ამიტომ აქ პატარა მიწა ვიყიდე და ცენტრიც დავაარსე," – მეუბნება რინპოჩე.
პატრულ რინპოჩეც, პირველი პატრულის მსგავსად, ტიბეტში, ქამის პროვინციაში დაიბადა. ამბობენ, რომ ბავშვობაში კითხვა არ უსწავლია – მამამ ერთხელ ალფავიტი და ასოების კომბინაცია აჩვენა და ეს საკმარისი აღმოჩნდა. მას სკოლაში არასდროს უვლია, ჩვეულებრივი სოფლელი ბიჭივით თოთხმეტ წლამდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, შემდეგ კი ძოგჩენის მონასტერში წავიდა. სადაც გალობა, წმინდა ცეკვები, მუსიკა, ხატვა, მანდალების შექმნა და მანტრების კითხვა სრულყოფილად შეისწავლა. ("კულტურისთვის ხელოვნება მიზანია, ბუდიზმისთვის კი მხოლოდ საშუალება. ხელოვნება ბუდიზმს სიბრძნის ასპექტში ჩამორჩება," – ეს ფრაზა პატრულ რინპოჩეს ერთ-ერთ საიტზე წავიკითხე და ახლა გამახსენდა, როდესაც დავფიქრდი, რატომ ასწავლიან ბუდისტ ბერებს ხელოვნებას.)
ექვსი წლის შემდეგ პატრულ რინპოჩე ძოგჩენის შრი სინგხის უნივერსიტეტში გადავიდა, სადაც მას ბუდას სწავლება უდიდესმა ტიბეტელმა სულიერმა მოღვაწეებმა გადასცეს. დედის სიკვდილის შემდეგ ის ერთი წლით იმ გამოქვაბულში გამოიკეტა, სადაც პირველმა პატრულ რინპოჩემ თავისი ცნობილი წიგნი "ჩემი სრულყოფილი მასწავლებლის სიტყვები" დაწერა. 30 წლისამ კი ტიბეტი დატოვა და პილიგრიმი გახდა, ჯერ ინდოეთში ჩავიდა, შემდეგ კი, ისევ შემთხვევის წყალობით, ევროპაში აღმოჩნდა. თავისი მოწაფეების თხოვნით, ის უკვე ათ წელზე მეტია, რაც იქ ცხოვრობს. "მე თავშესაფარი ბელგიაში ვითხოვე, ასე რომ, ახლა ბელგიელი ვარ, – ხმამაღლა იცინის ტიბეტელი ბერი და ამატებს, – ახლა კი შეიძლება ქართველიც გავხდე." პატრულ რინპოჩეს მთელ მსოფლიოში – თხუთმეტამდე დჰარმა ცენტრი და ასობით მოსწავლე ჰყავს. თავისი ძვირფასი დროის უმეტეს ნაწილს ის ქვეყნიდან ქვეყანაში ფრენასა და ცოდნის გადაცემას ანდომებს. ის იმ ათასობით ტიბეტელ სულიერ ლიდერს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც ჩინეთის ოკუპაციის შემდეგ სამშობლო დატოვეს.
– რინპოჩე, თუ შეიძლება ტიბეტის ოკუპაციის დადებით მხარედ ჩაითვალოს ის, რომ, თქვენი და სხვა ლამების წყალობით, ბუდიზმი უფრო ხელმისაწვდომი გახდა მთელი მსოფლიოსთვის, საქართველოს ჩათვლით?
"ბუდას სწავლება არავის საკუთრება არ არის. ის ყველას ეკუთვნის. თავად ტიბეტში, შესაძლებელია, პრაქტიკოსების რიცხვი შემცირდა, მაგრამ ბევრი დიდი ოსტატი მაინც იქ დარჩა და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ცოდნა ტიბეტში არასდროს გაქრება. თუმცა ისიც მართალია, რომ ეს ცოდნა ახლა უფრო მეტად აღწევს დასავლეთამდე და, შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთისთვის ბუდას სწავლება უფრო და უფრო ჩვეულებრივი ხდება. მე მხოლოდ ერთ-ერთი ვარ მათ შორის, ვინც ასწავლის. ერთი ქვეყნიდან მეორეში ვმოგზაურობ, შეიძლება კარმული კავშირებიც კი მქონდეს იმ ადამიანებთან, რომლებიც მოულოდნელად, სრულიად შემთხვევით ჩემი ოჯახის წევრები ხდებიან. ერთად ვსწავლობთ, ერთმანეთს ცოდნას ვუზიარებთ, განვითარებაში ვეხმარებით, ბედნიერებას განვიცდით."
– როგორ ფიქრობთ, სულ უფრო დიდი დაინტერესება ბუდიზმით ცვლის თუ არა სამყაროს უკეთესობისკენ?
"რაღაც თვალსაზრისით – კი, თუმცა ძალიან ძნელია, ჩვენი სამყარო კარგის საშუალებით შეცვალო. ეს სამყარო ყოველივე ცუდის ძალიან დიდ ზეგავლენას განიცდის. გამარჯვებული ყოველთვის ცუდი გამოდის, კარგი კი – წაგებული. ეს ჩვენი ბუნებაა, ეს რეალობაა. აი, ვთქვათ, ლამაზი სახლის აშენებას სჭირდება ბევრი ფული, ბევრი მასალა და ბევრი დრო, მის დანგრევას კი ერთი წამი. თვალის ერთ დახამხამებაში შეგიძლია ყველაფერი მტვრად აქციო."
პატრულ რინპოჩე მიხსნის, რომ ბუდიზმი არ არის სოციალური მოვლენა. ეს სრულყოფილების ინდივიდუალური ძებნაა. ბუდისტი მას საკუთარ თავში ეძებს. ის მარტო მიდის წინ თავის სულიერ გზაზე. რა თქმა უნდა, ბუდიზმის იდეები ზეგავლენას ახდენს მათზე, ვინც მას მიჰყვება, მაგრამ თავისთავად ის არანაირ სოციალურ მიზნებს არ ისახავს, არ ისწრაფვის, შექმნას გავლენის ჯგუფი და საზოგადოების მოწყობის წესებს არავის ახვევს თავს.
"სინამდვილეში ბუდიზმი ეს არის მცდარი აღქმისგან გამოღვიძებული არსებების აზრები და განზრახვები, რომლებიც ორ უდიდეს პრინციპამდე შეიძლება დავიყვანოთ: სიბრძნე და თანაგრძნობა. ბუდიზმი ეს ძალიან ტოლერანტული სისტემაა, რომელიც ანვითარებს სიბრძნეს. და რაც უფრო ბრძენი ხდები, მით ღია ხდება შენი გონებაც; არ რჩები ცალმხრივი და შეზღუდული, მზად ხარ, მიიღო ყველაფერი. დღეს არა მარტო ბუდისტები, არამედ მეცნიერებიც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ბუდიზმი არ არის რელიგია. ბუდიზმი ეს არის მეცნიერება გონების შესახებ.
ბუდას სწავლება გონებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, იკვლევს მოვლენათა, საგნებისა და ცოცხალ არსებათა ჭეშმარიტ ბუნებას, გონების ჭეშმარიტ ბუნებას. რა უფრო მნიშვნელოვანია მატერია თუ გონება? რომელს მოაქვს ბედნიერება? რომელი უფრო ღირებულია?
ბუდისტებისთვის გონება ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. როდესაც გონება ბედნიერია, იქ მატერია მნიშვნელობას კარგავს. როდესაც გონება იტანჯება, მთელი ამ ქვეყნის სიმდიდრეც რომ გქონდეს, ბედნიერი ვერ გახდები. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, თუ როგორ მუშაობს გონება. ჩვენ გვჭირდება მეცნიერული მეთოდები იმისათვის, რომ ვმართოთ გონება, დავამშვიდოთ და გავხადოთ უფრო სტაბილური, ვაკონტროლოთ საკუთარი ემოციები.
ჩვენ, ბუდისტები, ზოგიერთ ადამიანს, ზოგიერთ მასწავლებელს ვეძახით ოსტატს. მაინც რატომ ვხმარობთ ტერმინს – "ოსტატი"? იმიტომ, რომ ისინი საკუთარ გონებას განკარგავენ. ისინი უდიდესი ოსტატები არიან საკუთარი თავის და აღქმის მართვაში. თუკი ჩვენ ვისწავლით საკუთარი გონების მართვას, უმაღლესი არსებები გავხდებით, უმაღლესი სიბრძნით და რეალიზაციის უნარით. ბუდიზმში ჩვენ ასეთ არსებებს გასხივოსნებულებს ვუწოდებთ, არსებებს, რომელთაც ბუდას გონების რეალიზება მოახერხეს."
– შეგიძლიათ უფრო დეტალურად ახსნათ, რას ეძახით ბუდისტები ბუდას გონებას?
"ბუდას გონება ეს არის გონების ჭეშმარიტი ბუნება, ორიგინალური გონება, ბაზისური გონება, თუ გნებავთ.
მოდით, განვიხილოთ წყლის მაგალითზე. წყალი შეიძლება იყოს ჭუჭყიანი და შეიძლება იყოს სუფთა. რატომ? იმიტომ, რომ წყალს აქვს ბუნება. ეს ბუნება არც ჭუჭყიან წყალს ეკუთვნის და არც სუფთა წყალს. რომ არა ეს ბუნება, წყლის რაღაც ნაწილი მხოლოდ ჭუჭყიანი იქნებოდა და ვერასდროს შევძლებდით მის გაწმენდას, წყლის მეორე ნაწილი კი იქნებოდა მუდმივად სუფთა და ვერასდროს შევძლებდით მის დაბინძურებას.
ზუსტად ასევე აქვს ბუნება ყველაფერს, ყველა ფენომენს. თავისი ბუნება აქვს გონებასაც. გონების ჭეშმარიტ ბუნებას სწორედ რომ ბუდას გონებას ვეძახით. ეს შენი პირადი პოტენციალია, შენი გონების ხარისხი.
მაგალითად, როცა ბრაზობ, ეს დაბინძურებული გონებაა. მაგრამ ასეთი სახით გონება არ არის მუდმივი, უცვლელი. იგივე შეიძლება ვთქვათ ბედნიერ გონებაზეც. ბედნიერი გონება სუფთა გონებაა, თუმცა არც ეს მდგომარეობაა მუდმივი და უცვლელი. მაგრამ გონებას აქვს უნარი, იყოს ამ ორივე მდგომარეობაში, გამოავლინოს ეს ორი მდგომარეობა, ამის მიზეზი კი გონების ჭეშმარიტი ბუნებაა. ბუდისტები ამას ჭეშმარიტ ბუნებას ვარქმევთ. ეს არის წყარო ორივე მდგომარეობისა.
ყველა ცოცხალ არსებას აქვს ბუდას ბუნება. ჩვენ ბუდისტებს არ გვწამს ღმერთის არსებობის. ჩვენ გვჯერა ქრისტეს და ბუდას არსებობის, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გვჯერა ბუდას ბუნების, როგორც ჩვენი პოტენციალის, ჩვენი რეალიზაციის ხარისხის.
თუკი შენც მოახერხებ შენი გონების აბსოლუტურ რეალიზებას, შენ გახდები შენი გონების და აღქმის მბრძანებელი, შენი გონების და აღქმის მმართველი. შენი გონება აღარ იქნება დამოკიდებული ტანჯვის და ბედნიერების გარკვეულ დინებებზე. თუკი ერთხელ მოახერხებ გონების ჭეშმარიტი ბუნების რეალიზებას, გათავისუფლდები.
ბუდას გონებისთვის არა აქვს მნიშვნელობა, მდიდარი ხარ თუ ღარიბი. ის ყველას აქვს – ქალს, კაცს, ბავშვს, ახალგაზრდას, მოხუცს, ყველას. ამ თვალსაზრისით, ყველას შეუძლია ივარჯიშოს.
ბუდა სრულ თავისუფლებას გვაძლევს. თუნდაც ის, რაც მე ვთქვი, არ არის სავალდებულო, რომ ირწმუნოთ. თქვენ უბრალოდ ეს უნდა მიიღოთ იმისათვის, რომ გააანალიზოთ. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. არც სხვადასხვა სისტემების მიყოლაა სავალდებულო. ზოგიერთი სისტემა კარგია, ზოგიერთი არც ისე, ზოგიერთი ინტელექტუალურად გაზვიადებულია და არც ისე პრაქტიკული. თქვენ კი ღია და თავისუფლები უნდა იყოთ. ბუდა ამბობს, – რაც არ გინდა რომ გააკეთო, ნუ გააკეთებ. ბუდა იყო ადამიანი, რომელმაც დაამსხვრია და გააუფასურა ყველა მოლოდინი და ყველა კანონი. ჩემი აზრით, ის ყველაზე დიდი ჰიპი იყო. მაგრამ, იცი რა? ძალიან მაგარი "ჰიპობაც" არ არის კარგი – სამუშაოს ადვილად ვერ იშოვი.”
– თუკი ყველა ცოცხალ არსებას აქვს ბუდას ბუნება, რატომ ამბობთ ხოლმე ბუდისტები ადამიანთა ნაწილზე, რომ ისინი ჩვეულებრივი, უაზრო არსებები არიან?
"იმიტომ, რომ ეს ადამიანები მხოლოდ საკუთარი თავით არიან დაკავებულნი, მუდმივად მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ. მაგრამ იგივეს არ აკეთებენ ცხოველებიც? როცა ცხოველს შია – ეძებს საჭმელს, როცა სწყურია, ეძებს წყალს. ჩვეულებრივი ადამიანები ძალიან გვანან ამ ცხოველებს. ისინი არასდროს ფიქრობენ სხვებზე და ჩვეულებრივი, ნორმალური არსებები არიან. ხანდახან მათ უაზრო ადამიანურ არსებებსაც ეძახიან. რატომ უაზრო? იმიტომ, რომ არ აცნობიერებენ ადამიანური არსებობის ფასს. მაშ რა აზრი აქვს იმას, რომ ისინი ადამიანებად დაიბადნენ?
ჩვენ სულ სინანულში ვატარებთ დროს, პრობლემებზე ფიქრში, წუწუნში, რომ რაღაც არ გვყოფნის, უფრო მეტი გვინდა. და იმას ვერ ვაცნობიერებთ, თუ რას ვფლობთ. ჩვენ ვფლობთ უძვირფასეს ადამიანურ სხეულს, განსაკუთრებულ უნარებს და შესაძლებლობებს."
– რა შეიძლება გახდეს ჩვენი გონებისთვის ყველაზე საშიში ხაფანგი?
"ბუდისტები თვლიან, რომ ხუთი რამ წამლავს გონებას: მიჯაჭვულობა, მრისხანება, ხიბლში ყოფნა, სიამაყე და შური. ჩვენ მუდმივად საკუთარი თავით ვართ შეპყრობილები, სულ ასე ვფიქრობთ: მინდა ვიყო ბედნიერი, მინდა მქონდეს ყველაფერი. ეს ეგოზე ორიენტირებულობა შეზღუდულს ხდის ჩვენს გონებას. ასეთი მდგომარეობა გვაკარგვინებს სხვისი გაგების და თანაგრძნობის უნარს. ბუდას სწავლება – ეს, რაღაც თვალსაზრისით, ანტიდოტია ეგოზე ორიენტირებისგან. ის გვათავისუფლებს, გონებას გვიხსნის და უფრო მგრძნობიარეს გვხდის.
- შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ, ადამიანებს გვიჭირს, დავაფასოთ ის, რაც გვაქვს? ბედნიერები ვართ, მაგრამ ვერც კი ვხვდებით ამას?
"როდესაც რაღაც მიღწევებზე ვფიქრობთ და გეგმებს ვაწყობთ, ყოველთვის მომავალში ვიმყოფებით. აი, მე რაღაცას მივაღწევ, რაღაც მექნება, ბედნიერი ვიქნები, მაგრამ ახლა კი არა, მომავალში! ბედნიერება კი მხოლოდ აქ არის და ახლა.
მაგალითად, როდესაც ვსვამთ ჩაის და ჩვენი გონება აცნობიერებს ამას – აი, ახლა მე ვსვამ ჩაის. ამ დროს გონება მოცემულ მომენტშია და მას შეუძლია აღიქვას ჩაის ნამდვილი გემო. ესაა სწორედ სიცოცხლის გემო, რითაც ჩვენ სიცოცხლეს ვუსინჯავთ გემოს, ეს სიცოცხლის მომენტია. მხოლოდ ამ ჭეშმარიტების მომენტში, ცხოვრების მომენტში შეგვიძლია შევიგრძნოთ ჩაის ნამდვილი გემო. ასეთ მომენტებში ჩვენს გონებას სპონტანურად, მომენტალურად შეუძლია გახდეს ბედნიერი. ხოლო, როცა ვსვამთ ჩაის და ჩვენი გონება დაკავებულია რაიმეთი ან წარსულიდან ან თუნდაც მომავლიდან, გვიჭირავს ჭიქა ჩაი, ვსვამთ, მაგრამ ჩაი ქრება. ვინმემ შეიძლება გვკითხოს, – მოგწონს ჩაის გემო? და შეიძლება ვუპასუხოთ, – კი, – მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ის არც კი გაგვისინჯავს, არც კი გაგვირკვევია, კარგია თუ არა.
იმისათვის, რომ ვიყოთ ბედნიერები ახლა და ამ მომენტში, არ არის საჭირო ძალიან, ძალიან შორს ყურება და შორეული გეგმების დაწყობა. ამისათვის საჭიროა, რომ რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ჩვენი გონება მოცემულ მომენტს აცნობიერებდეს.
სად არის რეალობა? წარსულში? არა, ის უკვე წარსულია. მომავალში? არა, ის ჯერ არ დამდგარა. რეალობა მხოლოდ მოცემულ მომენტშია. გონებას მხოლოდ მოცემულ მომენტში შეუძლია ყოფნა. სწორედ მოცემული მომენტი არის ჭეშმარიტი რეალობა.
ნუ იფიქრებთ ასე: მე ბედნიერი ვიქნები ხვალ, მომავალ კვირას, მომავალ თვეს, მომავალ წელს, ეს ძალიან საეჭვო საქმეა. იცით რა, შეიძლება იმ მომენტისთვის სული განუტევოთ. ისე, ზოგიერთი ბუდისტი ბედნიერებას მომავალ ცხოვრებაშიც კი გეგმავს ხოლმე.
მოცემული მომენტის გონება, ეს უძვირფასესი, გმირი გონებაა. ეს გონება არ არის დამოკიდებული შიშებზე და მოლოდინებზე. რა სიტუაციაშიც უნდა მოვხვდეთ, რა კატაკლიზმებიც უნდა შეგვემთხვეს, ამ გონებას დარტყმას ვერაფერი მიაყენებს. თუ ჩვენ მოცემული გონების აღმოჩენას შევძლებთ, რაც უნდა მოხდეს, ყველაფერი ბედნიერების წყაროდ იქცევა."
– საოპერაციო მაგიდაზე ყოფნაც? – ეკითხება პატრულ რინპოჩეს მისი ერთ-ერთი მოწაფე.
"არ აქვს მნიშვნელობა, თუ მოცემული მომენტის გონებას ვაცნობიერებთ. თუ ვერ ვაცნობიერებთ, მაშინ ოპერაცია ოპერაცია ხდება, ძალიან მტკივნეული რამ. თუ შეგვიძლია ოპერაციის გაცნობიერება და მიღება, მაშინ ოპერაციაც კი არ არის დიდი ამბავი. როცა არ შეგვიძლია მიღება, მაშინ შიში გვიპყრობს. ფიქრობ: ცუდად რომ ჩაიაროს, რომ მოვკვდე? და ოპერაცია ტანჯვის მიზეზი ხდება.
ოპერაცია ისე საერთოდ რთული რამეა, ეს გარემოებაა, სიტუაციაა. რომ მიიღო ის, გააცნობიერო, ასე უნდა იფიქრო – დიახ, მე მივდივარ ოპერაციაზე, მაგრამ ეს შეიძლება დიდი გამოცდილება გახდეს. შეიძლება მოვკვდე, მაგრამ მე ვერაფერს შევცვლი. მე ხომ როდესღაც მაინც უნდა მოვკვდე და თუ გამოვკეთდი, ძალიან კარგი.
როდესაც ბუდა შაკიამუნიმ პირველად ნახა, როგორია მოხუცებულობა, ავადმყოფობა და სიკვდილი, იკითხა:
– ეს რა, სინამდვილეა, ეს რეალობაა?
– დიახ, ყველა გადის ამ მდგომარეობას, – უპასუხეს მას.
– მეფე და მეფის ოჯახიც? – მაშინ ბუდა პრინცი იყო.
– კი, მეუფეო, მაპატიე, მაგრამ ასეა. როდესღაც მეფე და მისი ოჯახიც დაბერდებიან, იავადმყოფებენ და გარდაიცვლებიან, – უპასუხა მას მსახურმა.
– იქნებ შეიძლება ვიღაცას ფული გადავუხადოთ და თავიდან ავიცილოთ სიბერე, ავადმყოფობა და სიკვდილი? – იკითხა პრინცმა.
– არა! ეს გარდაუვალია, მეუფეო, – მიუგო მსახურმა.
იგივეა ოპერაციაც. არის რაღაც სიტუაციები, რომელთა თავიდან აცილება შეუძლებელია, გარდაუვალია და ჩვენ უნდა გავიაროთ ეს პროცესი. და ამ დროს უკეთესია, მიიღო ეს ყველაფერი, მაშინ ტკივილიც კი შეიძლება გაქრეს.
მეც გამოვიარე ოპერაცია. ეს რთული ამბავია. მინდოდა ამ პროცესის გამოცდა, გავლა, რაღაც გამოცდილების მიღება. მაგრამ იმდენი აირი მასუნთქეს, რომ უგონოდ დამეძინა. ოპერაცია საღამოს გამიკეთეს. დილით ძლიერმა ტკივილმა გამაღვიძა, ოპერაცია ისევ გრძელდებოდა, ვიფიქრე: ახლა მართლა გამოვცდი რა არის ეს-მეთქი, – და ისევ აირი და ისევ ძილი. როცა საბოლოოდ გავიღვიძე, უკვე პალატაში, საწოლში ვიწექი. მოკლედ, ვერ გავიგე, ეს რა იყო.
ჩვენ ძალიან ძლიერად ვართ მიჯაჭვულები საკუთარ სხეულს. პატარა პრობლემა და, მაშინვე ვიწყებთ წუწუნს და მოთქმას. თუკი ვიღებთ სიტუაციას, თუ შეგვიძლია მოცემულ მომენტში არსებობა, მაშინ სიკვდილიც კი არაა ისე რთული, სიკვდილიც კი არ არის დიდი გამოწვევა."
– როგორ უნდა აღმოაჩინო, გაერკვე, შეისწავლო, იპოვნო, რა არის მნიშვნელოვანი – რა შეიძლება გახდეს ჩვენთვის დასაყრდენი ცხოვრებაში და რა – სიკვდილისას?
"ბუდამ 84 ათასი სხვადასხვა სწავლება დატოვა, რაც ძალიან დიდი ცოდნის მარაგია. ყველა მათგანი გვასწავლის, თუ როგორ ვიცხოვროთ სწორად და როგორ მოვკვდეთ სწორად.
როდესაც ჩვენ ბუდაზე ვლაპარაკობთ, ვფიქრობთ: ეს არის რაღაც უმაღლესი, განსაცვიფრებელი, განსაკუთრებული არსება. ბუდა ეს არის არსება, რომელიც ჩაწვდა საკუთარი გონების ბუნებას და მოახდინა საკუთარი გონების ჭეშმარიტი ბუნების რეალიზება. აბსოლუტური ჭეშმარიტების თვალთახედვით, არ არის რაიმე განსხვავება ბუდასა და სხვა არსებებს შორის. ჩვენც ისევე გვაქვს ეს აბსოლუტური ბუნება და, ამ თვალსაზრისით, ჩვენ თავად ვართ ბუდები."
"შეხედე ამ ბებერ ძროხას. ის კმაყოფილია იმით, რომ ბოსელში ძინავს. შენ გჭირდება ჭამა, სმა და მოსაქმება, ამას თავიდან ვერ აიცილებ, დანარჩენი შენი საქმე არ არის."
პატრულ რინპოჩე ძოგჩენის სკოლის მასწავლებელია. "მე ვეკუთვნი, მე ვარ ძოგჩენის მონასტრის ბერი," – მეუბნება ის. პირველი პატრულ რინპოჩეს ნაშრომი "ჩემი სრულყოფილი მასწავლებლის სიტყვები" დღეს ძოგჩენის ყველა მიმდევარის სამაგიდო წიგნია. პატრულის ამ და სხვა ნაწარმოებებზე ძოგჩენის სხვადასხვა მასწავლებლები ლექციებს კითხულობენ. ძოგჩენი ეს არის სწავლება ცნობიერების თავდაპირველი მდგომარეობის შესახებ, რომელიც ყველა ფენომენის, ცოცხალი არსებისა და საგნის ჭეშმარიტი ბუნებაა. ამ მდგომარეობაში შესვლა ნიშნავს, აღიქვა საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ხარ სინამდვილეში, თავი დააღწიო მცდარი აღქმის ტყვეობას. ამ თავდაპირველი ჭეშმარიტი მდგომარეობის ჩაწვდომა ნიშნავს ძოგჩენის სწავლების ჩაწვდომასაც. ძოგჩენი უდიდეს სრულყოფილებას ნიშნავს. ის ბუდიზმის უმაღლესი სწავლებაა.პატრულ რინპოჩე
ნოშუნ ლუნგტოკი, რომელიც შემდგომ ძოგჩენის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოსტატი გახდა, თვრამეტი წელიწადი თავის მასწავლებელს პატრულ რინპოჩეს თითქმის არც ერთი წუთით არ მოშორებია. ნოშუნ ლუნგტოკი ძალიან ბეჯითად სწავლობდა და ვარჯიშობდა. თუმცა ჯერ არ ჰქონდა შეცნობილი პირველადი ცნობიერება.
ერთ მშვენიერ საღამოს პატრულ რინპოჩე და ნოშუნ ლუნგტოკი ძოგჩენის მონასტრის ზევით, მაღალ მთებში კელიის წინ ისვენებდნენ. ძალიან ლამაზი ღამე იყო. სიჩუმეს მონასტრის ეზოში დაბმული ძაღლის ყეფა არღვევდა. პატრულ რინპოჩე მიწაზე გართხმული იწვა და ძოგჩენის სპეციალურ პრაქტიკას ასრულებდა. მან დაუძახა ნოშუნ ლუნგტოკს და ჰკითხა:
– შენ ამბობდი, რომ არ იცი, რა არის გონების ჭეშმარიტი ბუნება?
ნოშუნ ლუნგტოკი მიხვდა, რომ ეს განსაკუთრებული მომენტი იყო და სინანულით თავი დაუქნია.
– ამაში განსაკუთრებული არაფერია, – თქვა პატრულ რინპოჩემ ჩვეულებრივი საუბრის ტონით. და თავის მოწაფეს მის გვერდით წამოწოლა სთხოვა.
– ზევით, ცაში ხედავ ვარსკვლავებს?
– კი.
– გესმის, ძაღლი ყეფს ძოგჩენის მონასტერში?
– კი.
– გესმის, რასაც გელაპარაკები?
– კი.
– ჰოდა, ძოგჩენის ბუნებაც ასეთია, უბრალოდ ასეთი.


Comments